Saturday, April 2, 2011

დილის მარშრუტი

ერთ ნესტიან დილას, მაშინ, როდესაც წინ დღით გაფენილი თეთრეული ისევ ისეთივე სველი იყო, ცა მოწმენდილი, ხოლო მზის ამსოვლას მეეზოვებიც, ჩემთან ერთად მოუთმენლად ელოდნენ, ან შეიძლება სულაც არ ელოდნენ, ახალ გაღვიძებულს ცემინება დამეწყო। ალერგიულ ასთმას ჩემს ცხოვერბაში დაბადებიდანვე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და შესაბამისად დიდი პატივისცემითაც სარგებლობს। განსაკუთრებით მაშინ, როცა ყვავილობის დრო დგება, თითქმის ყოველთვის თან მაქვს ცხვრის წვეთები, ალერგიის საწინააღმდეგო აბები - “კლარიტინი” და ხელსახოცი।

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მაცივარი თითქმის ყოველთვის ცარიელია, ვერ გადავეჩვიე და მის კარს ყოველ დილით ჯიუტად ვაღებ, არ ვიცი რატომ, ალბათ “კუჭს ვერ უბრძანებ” პრინციპით ვმოქმედებ, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველ ჯერზე მასზედ მიკრული მრავალი მაგნიტისგან ერთ-ერთი ძირში ვარდება, ჰოდა,Aამჯერადაც იატაკზე ტრაპიზონის, ეკლესია გამოსახული მაგნიტი ჩამოვარდა. უცნაურია, ამ ქალაქში ალბათ ათჯერ მაინც ვარ ნამყოფი მაგრამ იქ ეკლესიის მსგავსი ნაგებობა არასდროს მინახავს.

“ტრაპიზონის” ძირში დავარდნამ თურქული სუხარი გამახსენა, რომელიც წინ დღით მაღაზიაში ხელსახოცთან ერთად ვიყიდე. სუხარი და ჩაი მომვიმარჯვე და ლეპტოპს მივუჯექი. რა თქმა უნდა, ფეისბუქი გავხსენი, ლინკები, პოსტები, დაკომენტარებული სტატუსები, სერიოზული ხალხი სერიოზული მსჯელობებით. ათას სისულელეებზე მოლაპარაკენიც ბევრია, მაგრამ თვალები მაინც დოლარის კლავიშისკენ გამექცა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ, ყოვლად უმიზეზოდ მოძვრა, კიდევ კარგი ცრუმორწმუნე არ ვარ, თორემ, რა ვიცი აქამდე თავში რა აზრები მომივიდოდა და რამდენს ვინერვიულებდი, იქნებ, იაპონიაში მომხდარ მიწისძვრასთანაც დამეკავშირებინა, ან, სულაც არშემდგარ აპოკალიფსთან.

საათი ცხრის ნახევრს უჩვენებდა, ანუ, სამსახურში ფეხით მისვლას ვასწრებდი. ქუჩაში გასულს მზე უკვე ამოსული დამხვდა. მეც გავუყევი რუსთაველს და ჩემი ჩრდილიც უკან გამომყვა. ქალაქს უკვე ეტყობოდა რომ ბოლომდე გაღვიძებამდე ცოტა აკლდა, აიპოდის საყურეები ყურებში გავირჭე და გზა გავაგრძელე, ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ ჩემი ჩრდილი ფეხებში უაზროდ დამებლანდა, სამაგიეროდ, მზის სხივები გულ-მკერდს მითბობდა და ფილტვებში დაგროვილ ნახველს ნელ-ნელა ალბობდა.

სამსახურში ფეხით წასვლა მარტო იმიტომ მსიამოვნებს, რომ სანაპიროზე მეათე და მეთერთმეტე ნავმისადგომებს გავდივარ. ბევრჯერ მიფიქრია, რა კარგია ბათუმში რომ გავჩნდი , ზღვა რომ დიდი სიმდიდრეა და ის ძალიან ეხმარება ადამიანს ამაზე ბევრს არ მოვყვები.

სულ მაინტერსებდა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან “ბომჟები” რატომ იკრიბებიან, რითია ეს ადგილი მათთვის მოსახერხებელი ან, საინტერესო, ამჯერადაც კარგად დავაკვირდი ამ ადგილს, მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს მივაგენი, ბევრჯერ მომდომებია მათთვის ფოტოების გადაღება, მაგრამ თავს ვიკავებ. არ მომწონს, როცა არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს “შესაფერის პოზაში” გამოიჭერენ და შემდგომ, როგორც კარგ სახასიათო ფოტოებს სხვადასხვა ვებგვერდზე ტვირთავენ, ან, გამოფენებს აწყობენ.

მემორიალიდან რამდენიმე მეტრში უკვე პორტის ამწეები გამოჩნდა, ადრე, როცა იქ არ ვმუშაობდი, ეს ამწეები ძალიან მეხამუშებოდა, მაგრამ, როცა უკეთ გავერკვიე მათ დანიშნულებაში და პირველად ბათუმის ხედს გადავხედე, კიდევ უფრო მეტად დავაფასე, ეს, ერთი შეხედვით უშნო საბჭოთა დროინდელი კონსტრუქციები.

ამასობაში, მე და ჩემმა ჩრდილმა ათას მეტრზე მეტი გავიარეთ და ბათუმის საზღვაო ნავსადგურის შესასვლელ ჭიშკართან მუშებთან ერთად რიგში ჩავდექით, მარჯვენა ხელში საშვი მეჭირა, ხოლო მარცხენა ხელის მაჯაზე საათი მებნია, რომელიც რვა საათსა და ორმოცდაჩვიდმეტ წუთს უჩვენებდა.

Saturday, February 19, 2011

გაუგებარი "ქართული სული"

ინტერნეტსივრცეში ტელეარხი “ოცდახუთის” ვებგვერდი ერთადერთი საინფომრაციო წყაროა, რომლის მეშვეობითაც რეგიონში მომხდარ ამბებს ვიგებ და ეს ჩემთვის, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის, მნიშვნელოვანია.

რამდენიმე დღის წინ, აღნიშნული ტელევიზიის ვებ-გვერდზე გულის ამრევი ციტატები წავიკითხე, რომელიც აზიზეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე წარმოითქვა:

„ჩვენი მიწები თურქულმა ინვესტიციებმა დაიპყრო“, „გაჩნდებიან მეძავები“, წაიბილწება ქართული სული“, „ნაჯახით დავდგები, რომ არ აშენდეს აზიზიეს მეჩეთი“_ეს სიტყვები დღეს „პრეს-კაფეში“ შეკრებილებს ეკუთვნით."

ეს ციტატები რომ არ წამეკითხა ამ თემას არც შევეხებოდი, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ქვეყანაში და რეგიონშიც უფრო სეიოზული საკითხებია მოსაგვარებელი, მაგალითად სოციალური და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები, თან, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სანაცვლოდ თურქეთის მხარე ტაო – კლარჯეთში ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების რესტავრაციას გეგმავს, ჩემთვის მით უფრო გაუგებარია საზოგადოების ნაწილის ისტერიკა.

ისე, ყოველთვის მაინტერესებდა, რა არის ეს “ ქართული სული” ? რას ნიშნავს, როცა ამბობენ, რომ – “სულიერებას გვართმევენ”? როგორია სულიერების წართმევის პროცესი? ამ დროს რა ემართება "ქართული სულის" მესაკუთრეს? და საერთოდაც, როგორ შეიძლება ადამიანს ღირსების შეგრძნება უკითხავად წაართვა? ამ კითხვებს ყოველგვარი ირონიის გარეშე ვსვამ.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვიტყვი, რომ – მანამ, სანამ ჩვენს ჭკუამდე არ დავა ის, რომ ღირსების გრძნობა ყველა ადამიანს გააჩნია, და არა მხოლოდ "ქართული სულის" მატარებლებს, სანამ გვექნება იმის მოთხოვნილება, რომ ყველა გვეთანხმებოდეს და ყველას მოვწონდეთ – დედას, მამას, მეზობელს, უბნისსურსათის გამყიდველს, სანამ ოდნავ მაინც (თვით)ირონიულები და თვითკრიტიკულები არ გავხდებით, და არ შეგვეშინდება ხანდახან მაინც ვიყოთ სასაცილოები, სანამ არ გავთავისუფლდებით ფობიებისგან და სანამ “ხალხის აზრი” ინდივიდს, ხმის ამოღებისთანავე გადათელავს, ზუსტად მანამდე ვიცხოვრებთ კარგად გარემონტებულ მაგრამ აყროლებულ საპირფარეშოში.

Saturday, January 8, 2011

ნაკლებად თავმდაბლური პოსტი თავმდაბლობაზე

სკოლაში სწავლის პერიოდში უზომოდ ცელქი, მომაბეზრებლად ჯიუტი და ძალიან გათამამებული ბავშვი ვიყავი. თუმცა, უკვე მერვე კლასში, მაშინ, როცა "ცხოვრების აზრზე" მოვდიოდი, ხოლო ჩემი სხეული ყოველდღიურად იცვლიდა ფორმას - ყველაფერი თავდაყირა დადგა.

სანამ ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა, ხუთი წელი აქტიურად დავდიოდი კალათბურთზე და როგორც ყველა ჩემს თანაგუნდელს, ასევე მეც, უზომოდ მოგვწონდა სპორტული აქსესუარები, ამერიკული "NBA"-ს მაისურები და უპირველეს ყოვლიდა კალათბურთის კედები, რომელთაგან ყველაზე მაგარად "Reebok"- ის "ზებრა" ითვლებოდა.
იმ სიხარულის აღწერა მიჭირს, როდესაც თურქეთიდან დაბრუნებულმა მამაჩემმა მუყაოს ყუთი მომაწოდა, მაშინ მივხვდი იმას თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო უსაზღვრო ბედნიერება. ის ღამე ცუდად მეძინა, ერთი სული მქონდა მეორე დღეს ვარჯიშზე როდის მივიდოდი, როდის გამოვიცლიდი კედებს, როდის გავიქცეოდი და როდის ვისვრიდი კალათში ბურთს, რომელიც ან ჩავარდებოდა და ან არა, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ექნებოდა.

ოთხი საათი სრულდებოდა, როცა ბონის კულტურის სახლის უკანა შესასვლელის გრძელ და ბნელ დერეფანში შევაბიჯე, ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე უცნაური გრძნობა მეუფლებოდა, რაღაც შიშის, მორიდებულობასა და სინდისის ქენჯვნას შორის, რაც უფრო ხმამაღალზე მესმოდა ბავშევისა და ბურთის ხმა მით უფრო აღარ მინდოდა დარბაზში შესვლა.

დარბაზში შესულმა გრძელ ხის სკამზე ჩამოვჯექი, ჩანთა ნახევრად შევხსენი და ჩემს "ზებრას" ჩავხედე, კიდევ ერთხელ დავტკბი მისი სიდიადით და უნიკალურობით, რამდენიმე წამიანი მიჩეერების შემდეგ ჩანთიდან ყველაფერი ამოვალაგე გარდა კედებისა.

პ.ს. ახალი წლის ღამეს, ევროპის მოედანზე გასამართი კოცერტის დაწყებამდე, რამდენიმე საათით ადრე ქუჩები გადაკეტეს, მათ შორის ბარათაშვილის ქუჩაც, სადაც პოლიცია არავის უშვებდა, არც შინ მიმავალ ჩემს ძმას უშვებდნენ, რომელმაც კოსტუმით, ბერეტით, კაშნეთი და ტყავის ხელთათმანებით გამოწყობილი მიადგა გადაკეტილ ქუჩას, პოლიციის თანამშრომელმა კარგად ჩაათვალიერა და უთხრა - "ძმაო, მე მეორე დღეა რაც აქ წვიმაში ვდგავარ."

Friday, January 7, 2011

"ეს ბავშვები არა მხოლოდ ეონომიკური სიდუხჭირის გამო გამოდიან ქუჩაში, არამედ, იმიტომ, რომ ქუჩის ბავშვების უმეტესობას ოჯახში გაუსაძლისი მდგომარეობა აქვთ"


ინტერვიუ სოციალურ მუშაკთან - სოფო პატარაიასთან.

სოფო, გთხოვ მოკლედ მითხარი რა ევალება სოციალურ მუშაკს?


სოციალური მუშაკი არის შუამავალი სოციალურ სერვისებსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ეს სერვისი სჭირდებათ, სოციალური მუშაკი ახალი პროფესიაა საქართველოში, სულ რამდენიმე წელია რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურა გაიხსნა, სადაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია ჩააბაროს და შეისწავლოს ეს საქმე। თუმცა, დღეს, სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორებში, უმრავლესობა, არაპროფესიონალი სოციალური მუშაკი მუშაობს। მათ შორის მეც, მხოლოდ პროფესიული გადამზადების კურსები გვაქვს გავლილი।

- რა როლი აკისრია საზოგადოებას? მაგალითისთვის, უნდა დავეხმაროთ თუ არა იმ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში ფულს გვთხოვენ? როგორ უნდა მოვიქცეთ?

ეს ძალიან რთული შეკითხვაა, უმწეო ბავშვების უმრავლესობა, დიდ დროს ქუჩაში ატარებს, მუშაობენ, მათხოვრობენ, ბოთლებს და ჯართს აბარებენ და კიდევ სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები, მაგალითად, პროსტიტუციით და კრიმინალური საქმიანობით। მივცეთ თუ არა ფული ბავშვს, რომელიც ტირის და გეუბნება, რომ შია და წყურია? პასუხი ერთმნიშვნელოვანია, არც ერთ შემთხვევაში ბავშვს ფული არ უნდა მივცეთ, იმიტომ, რომ ეს ბავშვები შემოსავლის წყაროა გამხდარი ოჯახისთვის, მშობლები აიძულებენ შვილებს იმათხოვრონ და სახლში ფული მიიტანონ. ისინი ექსპლუატაციის, ძალადობის მსხვერპლნი არიან, ბავშვებს კვოტაც კი აქვთ დადგენილი, რომლის ქვევით თანხა სახლში არ უნდა მიიტანონ. ისინი ყიდიან ხატებს, ყვავილებს, ესეც ბავშვთა ექსპლუატაციის ერთ-ერთი ფორმაა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ არც ერთ ბავშვს არ მისცეთ ფული, მერწმუნეთ, თქვენ ამით მათ უფრო მეტ სარგებელს მოუტანთ. რამ აიძულა, ან საიდან მოაფიქრდა ვთქვათ, ხუთი წლის ბავშვს მათხოვრობით ფული იშოვოს? გასაგებია, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, მაგრამ, ეს ბავშვები არა მხოლოდ ეონომიკური სიდუხჭირის გამო გამოდიან ქუჩაში, არამედ, იმიტომ, რომ ქუჩის ბავშვების უმეტესობას ოჯახში გაუსაძლისი მდგომარეობა აქვთ და ამჯობინებენ მთელი დღე იმათხოვრონ, ფული იშოვონ, რათა შემდეგ მთელი ღამე ინტერნეტ კაფეში გაატარონ. ასეთ ბავშვებზე დღეს არავინ ზრუნავს, არ არსებობს ცენტრები სადაც შეიძლება მათ თავი შეაფარონ. თუმცა, სახელმწიფოსგან უკვე დადებითი ძვრები შეიმჩნევა, თბილისში შეიქმნა პილოტური დღის ცენტრი, იმედი გვაქვს, მალე, რეგინებშიც გადაიჭრება ეს პრობლემა.

- ვინ იცავს იმ ბავშვების უფლებებს, რომელთა უფლებებიც ირღვევა? თავიანთ მოვალეობებს რამდენად კარგად უმკვლავდებიან უპატრონო ბავშვთა სალხები?

დავიწყოთ იმით, რომ ბავშვთა სახლები საერთოდ არ უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით ისეთი ფორმით რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, მათი ანალოგი გარდა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისა არსად არსებობს। უფრო დიდი დანაშაულია ჩვილ ბავშვთა სახლების არსებობა, ამ ბავშვთა განვითარების ჩამორჩენაზე მთელი რიგი კვლევებია, რომლებიც ამტკიცებს - ამ ტიპის სახლებში გაზრდილი ბავშვების 70პროცენტი არ ვითარდება, თუმცა, როგორც უკვე ვახსენე, დაიწყო პოზიტიური ძვრები და მივდივართ დეინსტიტუცინალიზაციისკენ. თუმცა, მზრუნველობას მოკლებული ბავშთა სახლების გაუქმებბამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. იქმნება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები, სადაც მაქსიმუმ 8 ბავშვი ცხოვრობს და ჰყავთ დაქირავებული მშობლები: დედა და მამა. ასეთი ტიპის სახლები გამართლებულია, იქ ბავშვი ასე თუ ისე ახერხებს ნორმალურად განვითარებას. ხოლო კომუნისტური ტიპის ბავშვთა სახლების არსებობა, სადაც კოლექტიური თანაცხოვრების წესია, ბავშვებზე მავნე ზეგავლენას ახდენს.

Monday, December 13, 2010

თქვენთან რამდენია პენსია?

როცა ამ შეკითხვაზე მიწევს პასუხის გაცემა, ყვოველგვარი დადებითი წარმოდგენა, რაც კი უცხოელებს საქართველოზე მანამდე შეჰქმნიათ, ეცვლებათ. ხოლო მათი აღტაცება, ხშირ შემთხვევაში თანაგრძნობაში გადადის.

თუმცა, სანამ ამ შეკითხვას დამისვამენ, ვცდილობ, საქართველო თავისი პლიუსებით და მინუსებით მეტ-ნაკლებად პერსპექტიულ სახელმწიფოდ წარმოვაჩინო. ძალიან არ მსიამოვნებს, ჩემი თანამოქალქეები უცხოელებთან საუბრისას, საქართველოს რომ ლანძღავენ და აგდებით იხსენიებენ. მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ მგონია, რომ ჩვენ მაგალითად - განსაკუთრებული ნიჭის პატრონები ვართ და არც ის მგონია, რომ ოდესმე - „ივერია გაბრწყინდება“ .

პოლონეთში ჩვენს შესახებ, ყველაზე მეტად, რუსეთ - საქრთველოს შორის არსებული ურთიერთობები აინტერესებთ. ასევე, ისიც აინტერესებთ, თუ როგორი პერზიდენტი გვყავს - რეფორმატორი თუ ავანტიურისტი, პატრიოტი თუ ინტრიგანი, დემოკრატი თუ ავტოკრატი. ერთი სიტყვით, ბევრს ჩვენს პრეზიდენტზე, არ აქვს ზუსტად ჩამოყალიბებული დამოკიდებულება.

ზოგადად, პოლონურ მედიას თუ მიადევნებთ თვალ-ყურს, დარწმუნდებით, რომ რუსეთის თემა ყოველთვის აქტუალურია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრობის მიუხედავად, პოლონელები რუსების მხრიდან საფრთხეს კვლავაც გრძნობენ. არც იმას მალავენ, რომ რუსეთი არ უყვართ. როგორც წესი, ეს მათი „არსიყვარული“ გულგრილობაში და იუმორში ვლინდება. როგორც გდინიას საკონტეინერო ტერმინალის დისპეტჩერი ამბობს, თუ პოლონეთში თერმომეტრი მინუს ათზე ნაკლებს უჩვენებს, ეს, რა თქმა უნდა, რუსეთიდან შემოსული ციკლონის ბრალია.

ტრისიტი სამი ქალაქის - გდანსკის, გდინიას და სოპოტის ერთიანი სახელწოდებაა. ამათგან, გდანსკი ყველაზე მრავალრიცხოვანი, ძველი და ეკონომიკური მნიშვნელობის ქალაქია, სადაც ევროპაში ყველაზე მაღალი აგურით ნაშენები წმინდა მარიამის ტაძარი მდებარეობს. სოპოტი კი, პოლონეთში ყველაზე პოპულარული საზაფხულო კურორტია, სხვანაირად მას, „ზაფხულის ოცნებას“ უწოდებენ. ამ ორ ქალაქთან შედარებით, ქალაქი გდინია, ბევრად უფრო ახალია. ის წინა საუკუნის ოციან წლებში დააარსეს, როდესაც გდანსკი, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადდა.

ყველაზე შთამბეჭდავი, რაც პოლონეთის საზღვაო ქალაქებში ვნახე, მუზეუმად გადაკეთებული, ლენინის სახელობის გემთმშენებელი ქარხნის შესასვლელი ჭიშკარი იყო, საიდანაც ოთხმოციანი წლების დასაწყისში, საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა რღვევა დაიწყო და სადაც „სოლიდარნოსტის“ ერთ-ერთი ლიდერი - ლეხ ვალენსა მოღვაწეობდა. დღევანდელი გდანსკის აეროპორტი სწორედ მის სახელს ატარებს.

პ.ს. პოლონურ მედიაში რომან პოლანსკის კრიმინალურ საქმესაც ხშირად განიხილავენ. ამ თემაზე, მეც შევეცადე ჩემს პოლონელ კოლეგასთან საუბრის წამოწყება, თუმცა, არაკორექტულად დასმული კითხვის გამო - არ გამომივიდა.
- რომან პოლანსკი ხომ პოლონელია?
- და იოსებ სტალინი ქართველი იყო, ხომ ასეა?
რა სულელური შედარებაა მეთქი, ჩემთვის გავიფიქრე, მაგრამ არაფერი მითქვამს, თავი დავუქნიე. მან კი, კმაყოფილების ნიშნად - გამიღიმა.

Sunday, December 12, 2010

მე, CNN-ი და მანდარინი

საათნახევარია, რაც ტრენინგიდან სასტუმროში დავბრუნდი და ჩემს ნომერში ბათუმიდან წამოღებულ მანდარინს მივირთმევ. მეოთხე დღეა ჩემი ლეპტოპი ინტერნეტში ვერ ჩავრთე და ბედს საბოლოოდ შევეგუე। სამივე ფილმს, რომლებიც მქონდა ჩაწერილი - ვუყურე, გაზეთ „ბათუმელებსაც“ კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი და უკვე მეორე დღეა რაც ტვ. CNN-ის არხზე მაქვს დაყენებული, რომლის ახალი ამბები უმეტეს წილად, ახლო-აღმოსავლეთს შეეხება. ეკონომიკური სამიტი დუბაიში, ახალი თაობა და მათი ყოფა მუსლიმანურ ქვეყნებში, ინტერვიუ ქალთა უფლებებზე ირანელ უფლებადამცველთან, არჩევნები ეგვიპტეში და „მესამე სამყაროს“ სხვა ამბებიც, CNN-ზე, „ტოპ ნიუსებია“.

ამ არხის ტელეწამყვანების უმეტესობა, წარმოშობით ან აფრო-ამერიკული, ან, ლათინო ამერიკელი, ან კიდევ, აზიის რომელიღაც ქვეყნიდან არიან. ყველანი, ინგლისურ ენაზე მართალია აქცენტით, მაგრამ, გამართულად მეტყველებს.

ჩემი აზრით, სწორედ რომ მათ აქცენტში დევს CNN-ის პოლიტიკის გასაღები, ეს ტელეარხი მაქსიმალურად ცდილობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების აქტუალიზაციას, ყველა კონტინეტზე მცხოვრები ხალხის დაახლოებას ისე, რომ თავიანთი იდენტობა არ დაკარგონ.

ეს ყველაფერი გადასარევია, მაგრამ, მე, ამ წუთას ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს, „ვიკილიკის“ გარშემო მომხდარი მოვლენებია. არ ვიცი რატომ, მაგრამ, უკვე ნახევარი საათია CNN-ის წამყვანი „მესამე სამყაროს“ ახალი ამბებიდან 2018 და 2022 წლებში, ფეხბურთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის თემის განხილვაზეა გადასული და ყოველი ათი წუთის შუალედში ლარი კინგის შოუს აანონსებს, რომლის სტუმარი, რუსეთის პრემიერ-მინსიტრი ვლადიმერ პუტინი იქნება.ეს ის შოუა, თითქმის წელიწადია რომ იხურება, მაგრამ არ/ვერ დაიხურა.

ასე მგონია, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ზოგადად მედია, განსაკუთრებით კი სატელევიზიო მედია დასავლური იქნება თუ აღმოსავლური, სნნ-ი იქნება თუ რუსთავი-2, მეტად თუ ნაკლებად, ყოველი მათგანი თავად ცდილობს განსაზღვროს ის, თუ რა არის მნიშვნელოვანი, რა უნდა ვიცოდეთ და რა არ უნდა ვიცოდეთ, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და რაზე არ ღირს ზედმეტი დროის დაკარგვა. თვითონ გვისაზღვრავენ მთელი დღის მანძილზე, რის შესახებ უნდა ვიმსჯელოთ, რაზე უნდა ვისაუბროთ ტრანსპორტში, კაფეებსა თუ სამზარეულოებში.

ამიტომაც, უფალმა, ჩემნაირად გაურკვევლობაში მყოფი ადამიანები შეგვიბრალა და ჩვენთვის შექმნა ინტერნეტი. მოგვცა მეტი თავისუფლება, უფრო მეტად დაგვაეჭვა და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა ჭეშმარიტებას.

ეს „ჭკვიანური“ ანალიზი იქეთ იყოს და ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს პოლონური ყინვის გამო გარეთ რომ ვერ ვახერხებ გასვლას. შინ კიდევ, ამ ტელეარხის, და მშობლიური მანდარინის იმედად ვარ დარჩენილი, რომელიც, სამწუხაროდ, მალე დამთავრდება.

04.12.10.

Sunday, November 14, 2010

შუაზე გაჭრილი ღამის პერანგი

ცხოვრება, თუნდაც იმიტომ არის საინტერესო, რომ არც თუ ისე იშვიათად, ისეთი რაღაცის კეთება გვიწევს, რასაც ვერ წარმოვიდგენთ და რისი გაკეთებაც ძალიანაც გვიჭირს, მაგრამ, ხანდახან იძულებულები ვართ, უბრალოდ სხვა გზა არ გვრჩება.

ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე გარდაცვლილი ბაბუაჩემისთვის საზღვარგარეთ საჩუქრად ნაყიდი ღამის პერანგს მაკრატლით შუაზე გავჭრიდი.

ხელები მიკანკალებდა, მაგრამ თავს მაინც ვაძალებდი, ზურგს უკან კი ორი ოთხმოც წელს გადაცილებული პაპაჩემის ბიძაშვილების დიალოგი მესმოდა :

- იცოდე, შენ თუ გამასწრობ უსვინდისო იქნები!
- მომიწევს... მარცხენა ფეხი მიბუჟდება, ფეხს ძლივს ვადგამ.
- მარა, ასაკით შენზე დიდი ვარ!

კინკლაობა კიდევ რამდენიმე წუთს გააგრძელეს, მანამ, სანამ მუშების ხმა არ გავიგონეთ, რომლებმაც დერეფანში გარდაცვლილისთვის მაცივარი შემოიტანეს.

პ.ს.სამძიმარი გამოვიდა ისეთი, როგორც ყოველთვის არის ხოლმე - უამარავი ყვავილების ბუკეტითა და სურნელებით, რომელიც ბევრს, და მათ შორის მეც, ალერგიას მაძლევს, წრეზე წასული გულდაწყვეტილი, ცნობისმოყვარე, გადაღლილი და ათას სხვა საკითხზე მოფიქრალი ათობით ადამიანი, ობამას საგარეო პოლიტიკის განხილივით დაწყებული და მეზობელი ზოიას ქალიშვილის განქორწინებაზე მსჯელობით დასრულებული - ჭორაობით გართული ქალები, სამზარეულოში გაშლილი სუფრა და მორიგეობით მოსადილე ახლობელი თუ შორეული, სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი სადარბაზო, ნამწვავებით სავსე საფერფლეები და დაცარიელებული "ნაბეღლავის" ბოთლები.